კალაძესა და კობახიძეს პარტიული თანამდებობებიდან უშვებენ

07.11.2018 ახალი ამბები 19 0 0.0

Загрузка...

მმართველ პარტიაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილება იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელობის გადახალისებას გეგმავს.

არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე "ოცნების" გენერალური მდივნის თანამდებობას დატოვებს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი "ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან გადადგება. თანამდებობას დატოვებს მმართველი პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძეც, თუმცა ისინი "ოცნების" პოლიტსაბჭოში დარჩებიან.

ცვლილების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საკუთარ მიმართვაში ნაწილობრივ დაადასტურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემაც. ბიძინა ივანიშვილს გვარები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ განაცხადა, რომ პარტიაში ძირეული ცვლილება იგეგმება.

"ოცნების" შიდა წყაროებიდან კი ცნობილი გახდა, რომ წინასაარჩევნო მარათონში ყოფილი პრემიერები - ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილიც ჩაერთვებიან, თუმცა რა სახით, ჯერჯერობით უცნობია.

"რეზონანსთან" საუბარში მმართველი გუნდის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ კალაძესთან და კობახიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაბრუნებას მიესალმებიან."ქართული ოცნების" მთავარ ოფისში შეხვედრები და კონსულტაციები გუშინ მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე დილიდან რეგიონების წარმომადგენლებსა და ქალაქის მერებს ხვდებოდნენ.

საკადრო ცვლილება განხორციელდება იქ, სადაც საჭირო იქნება - პარტიასა თუ სამთავრობო სტრუქტურებში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს არჩევნები ტარდება თავისუფალ გარემოში და ყოველგვარი შიშის გარეშე, არის სწორედ ამ ხელისუფლებისა და ყველა იმ ადამიანის დამსახურება, რომელთაც წვლილი აქვთ შეტანილი ამ საქმეში.

"მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ, "ქართულ ოცნებას", მთავრობას, დანახული გვაქვს ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და მათ შორის, შეფასებული და გაანალიზებულია არჩევნების შედეგიც.

"სრულად ვეთანხმები ბატონ ბიძინას იმ შეფასებაში, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ყოველთვის არ იყო მოწოდების სიმაღლეზე და მოსახლეობის ყველა პრობლემა არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ხელისუფლების დასჯის სურვილი არ უნდა გაიგივდეს იმ რეჟიმის მხარდაჭერასთან, რომელსაც ერთად ვებრძოდით და რომლის დაბრუნების წინააღმდეგიც ვართ ყველანი", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილება სამთავრობო გუნდში, ამ შეკითხვის პასუხად მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ "საკადრო ცვლილებები ყოველთვის უნდა განვსაზღვროთ საჭიროებებიდან გამომდინარე. ის უნდა ემსახურებოდეს ამოცანას და ეფექტიანობის გაზრდას. შესაბამისად, საკადრო ცვლილებები განხორციელდება იქ, სადაც ეს საჭირო იქნება - პარტიასა თუ სამთავრობო სტრუქტურებში".

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე პარტიულ თანამდებობებს დატოვებენ, მმართველი გუნდის წევრი რომან კაკულია "რეზონანსთან" ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. თუმცა, მისი თქმით, ახლა რაიმეს გადაბრალება კონკრეტულ ადამიანებზე სწორი არ იქნება. არჩევნების შედეგებს გააზრება და გაანალიზება სჭირდება.

"წარმოდგენა არ მაქვს, რა საკადრო ცვლილებებზეა საუბარი. ჩემს საქმეში იმდენად ვარ ჩაფლული, რომ ამ ამბების საქმის კურსში ნამდვილად არ ვარ.

"რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, სწორად არ მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტულ ადამიანებს დაბრალდეს. ალბათ ამ ყველაფერს უფრო კარგად გაანალიზება სჭირდება. ახლა მთავარია, საზოგადოების წყენა ბოლომდე გავიგოთ და ამაზე ვიმუშაოთ", - აღნიშნა რომან კაკულიამ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ ახლა მსგავსი საკადრო ცვლილება ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს, ასეთი გადაადგილებები "ოცნებას" ზიანს უფრო მიაყენებს. თანაც მეორე ტურამდე საკმაოდ ცოტა დროა დარჩენილი, ცვლილება დროშიც ვერ მოესწრება და იმედოვნებს, რომ ეს ინფორმაცია რელობას არ შეესაბამება.

"პრობლემა ასეთი საკადრო ცვლილებებით არ წყდება. "ოცნების" მთავარი გასაჭირი ახლა სისტემურია და არა იმდენად პერსონალური პრობლემა. არ მგონია, რომ ღარიბაშვილისა და კვირიკაშვილის მოსვლით იმ პრობლემების გააზრება მოხდეს, რის წინაშეც მმართველი გუნდი დგას.

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემა კოლექტიური მურუსიძეები არიან. პორტირებული "ნაციონალები" მმართველ გუნდში იმდენად არიან მოდებულები, რომ მათი გაწმენდა და ქირურგიული ჩარევა ასეთი მარტივი არ იქნება. ერთ თვეში ამ ადამიანებისგან თავი როგორ უნდა გაითავისუფლონ?

"ვხედავთ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასაც, რამაც კიდევ უფრო ბევრი კითხვა გააჩინა. ჩემი აზრით, საერთოდ რომ არაფერი ეთქვათ, სჯობდა. ასეთი ქცევით ნეიტრალურ ამომრჩეველს უფრო აღიზიანებენ. ამას სჯობდა, ეს საკითხო დროებით დაევიწყებინათ", - აღნიშნა ხუხაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

წყარო

უშვებენ, კალაძე, კობახიძე, პარტიული, თანამდებობები

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...