რატომ არიან დღევანდელი ქრისტიანები დასანახად მორწმუნეები

30.01.2019 რელიგია 231 0 0.0

Загрузка...

დღესასწაულების განმავლობაში ადამიანებს ერთმანეთი განსაკუთრებულად გვიყვარს. როგორც კი ეს დღეები, მათ შორის ახალი წელიც, გადაივლის, მაშინვე დაპირისპირებასა და ჩხუბს ვიწყებთ. რა არის ამის მიზეზი, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი ასეთ დროს, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი): 
– ადამიანი იმედის გარეშე ძალიან დაიჩაგრება. რწმენა, იმედი და სიყვარული – ეს სამი სათნოებაა, რომელიც ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ასე თუ ისე, გვწამს ღმერთის და როცა გვწამს, იმედიც გვაქვს და თუ იმედი გვაქვს, ესე იგი სიყვარულიც გაგვაჩნია. მთავარია, ადამიანს ჩვენთან ურთიერთობით რწმენა გავუღვივოთ. წმიდა ილია მართალი ამბობს, სულ ღვთის წყალობას რომ გაიძახით, ცოტა მიდექით, მოდექით, ხელიც გაატოკეთო. თუ ჩვენ ხელს არ გავატოკებთ, არაფერი იქნება. ზოგი იტყვის ხელსაც ვატოკებ, თავსაც, მაგრამ მაინც მშიერი ვარო. იმიტომ ხარ მშიერი, რომ ეკლესიაში სიარულისთვის დრო არ გაქვს. მამაო, პატივს გცემ, მაგრამ ეკლესიაში რომ მოვიდე, არ მცალია. ლოცვის გარეშე, პირჯვრის გადაწერის გარეშე მიდის და რაც უნდა გააკეთოს, არ ემართება ხელი. ზოგი მხოლოდ ლოცულობს და ხელს არ ატოკებს. ზოგი ხელს ატოკებს და არ ლოცულობს. ამიტომ რწმენით, იმედით, სიყვარულით ვთქვათ ლოცვა და შემდეგ დავგეგმოთ ჩვენი საქმეები. მხოლოდ ჯდომას, განკითხვას, მთავრობის ლანძღვა-გინებას, ფაქტია, არანაირი შედეგი არ მოაქვს. ველოდებით და არაფერი იცვლება. მოდი, ეკლესიისკენ მოვბრუნდეთ, კი ნუ მივატოვებთ, შედარებით გონიერი მოძღვარი შევარჩიოთ, რომელსაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს, წმიდა სწავლების მეტი ცოდნა და ახალი ცხოვრება დავიწყოთ. დამერწმუნეთ, ჩვენი მდგომარეობა აუცილებლად შეიცვლება. ჩვენი კეთილდღეობა პირდაპირპროპორციულია ჩვენს სულიერებასთან. სანამ ქართველი კაცი უფრო სულიერი არ გახდება, უფრო თავმდაბალი, მოწყალე, კეთილი, უბრალოდ, არაფერი გვეშვეელბა. ღმერთს ხომ შეუძლია, ხვალვე გააბრწყინოს ჩვენი ქვეყანა, ხვავი და ბარაქა დააბერტყოს, მაგრამ იცით, რა მოხდება, არასდროს გამოიფხიზლებს ქართველი ადამიანი, სულ დოლ-გარმონზე ქეიფი და ცეკვა-თამაში ექნებათ. სანამ არ მივხვდებით, რომ ყველა ჩვენი უბედურება დაბალი სულიერების, უწმინდური ცხოვრების ბრალია, მანამდე ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება. თუ გვინდა მომავალი წელი უკეთესი იყოს, ცოდვების მონანიებით დავიწყოთ. 
– ალბათ, ბევრი ადამიანი იტყვის: ხომ შევინახე შობის მარხვა, ხომ ვეზიარე, მოვინანიე, კიდევ რა უნდა გავაკეთოო? 
– კი, ბევრი იტყვის: ამხელა მარხვა შევინახე, მთელი ეს დღეები მაკარონსა და წიწიბურაზე ვიყავი, რაღა უნდა მოვინანიოო. ესე იგი, ფარისევლურად ინახავს მარხვას. სანამ ქართველები მცირედში ერთგულები არ ვიქნებით, ღმერთი დიდში არ დაგვადგენს. არადა გვინდა დილით, რომ გავიღვიძებთ, ყველაფერი ძალიან კარგად იყოს. 
– დღეს ადამიანები ერთმანეთის მიმართ მუდმივად გამოხატავენ სიძულვილს, ჩხუბობენ, უპირსპირდებიან ერთმანეთს. მხოლოდ დღესასწაულების პერიოდში უყვართ ერთმანეთი და შემდეგ ისევ იწყებენ ერთმანეთთან ჩხუბს, აგრესიას. 
– ყველა მოძღვარი თვეში ერთხელ მაინც რომ მივიდეთ ერთ ოჯახში სტუმრად და სიყვარული, სიხარული შევიტანოთ, ამით უფრო მეტ სიყვარულს ვაგრძნობინებთ მათ. ეს ხომ გადამდები იქნება. თუ ბოროტება გადამდებია, სიყვარულიც ხომ გადამდები იქნება. მცირედში ერთგულები თუ გავხდებით, მცირე სიკეთეს თუ გავაკეთებთ, ბევრი ადამიანი გაიხარებს. თვეში ერთ ოჯახში რომ მივალთ, მეორე თვეს ორ ოჯახში მივიდეთ, მესამეს – სამ ოჯახში და ისინიც გახარებულები იქნებიან და ჩვენც. 40 დღე რომ ხორცი არ ვჭამეთ, ეს თანხა სად წავიღეთ? ალბათ, თევზი ვიყიდეთ. არ სჯობდა ეს თანხა სხვა ადამიანებისთვის გაგვენაწილებინა. დიდი მარხვაც მალე დაიწყება და ამ მარხვაში მაინც დავგეგმოთ სიკეთის კეთება. ერთი სანთელი და ხატი, როგორ ვერ უნდა მიიტანო ოჯახში. თქვენი მისვლაც ხომ უკვე სიყვარულია ოჯახისთვის. ჩვენ ხომ დასანახად ვართ ქრისტიანები. კამერების თანდასწრებით რომ გვიყვარს თავის მოწონება. რომ ეზიარები და ეუბნები: მამაო მაკურთხებს, გადამიღეო. ეს არის სუფთა ფარისევლობა. მღვდელი რომ ლოცულობს და იცის, კამერით უღებენ, უნდა გააჩეროს: ნუ მიღებ, ამ დროს არ  არის საჭირო გადაღებაო. საბოლოოდ ფარისევლური ქრისტიანობა სავალალო შედეგით მთავრდება. უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება. გუშინ ბრაზიანი რომ ვიყავი, ბოღმა, შურიანი. ვიტყვი: მოდი, დილით აღარ გავბრაზდები, აღარ შემშურდება და ყოველდღე თითო ცოდვას მაინც შევებრძოლები. ან რომ დავინახავ, ვიღაც გათხოვდა, ვიტყვი: ბედნიერი იყავით და არა იმას, რას ჰგავს, როგორ გათხოვდა, მე რატომ ვერ ვთხოვდებიო. გულში რომ იბოღმები, არაფერი გეშველება. როგორ შეიძლება, მორწმუნე ადამიანი ამპარტავანი, უხეში, უსიყვარულო, ბილწი, მოჩხუბარი იყოს?! ხე ნაყოფით შეიცნობა და ასეა მორწმუნე ადამიანიც. არის მოჩვენებითი სიმშვიდეც, სიყვარულიც. როცა განსაცდელი ეშვება, მერე ყველას რწმენა გამოაშკარავდება ხოლმე. თუ კარგად ჩავიხედავთ ჩვენს გულში, ბევრ რამეს დავინახავთ. როგორ შეიძლება, მორწმუნე ადამიანს სხვისი პატიება არ შეეძლოს ან, ბაგეებით მიუტევოს ადამიანს, მის გულში კი მუდმივად დარჩეს წყენა?! როცა გავიგებთ, რომ ჩვენს მტერს, მის შვილს ან ოჯახს რამე უბედურება შეემთხვევა, გამოვისახავთ პირჯვარს და ვამბობთ: „სამართალი არსებობს“. როგორ შეიძლება, მორწმუნე ადამიანს სხვისი უბედურება უხაროდეს? ან, გაიგე, რომ შენი მტერი სამსახურში დააწინაურეს ან სახლი იყიდა და ამბობ: „სად არის ღმერთი? მე ვაპატიე და ცუდად ვარ, ის კი როგორ კარგად არის“. ასეთ დროს ჩვენ შორს ვართ პატიებისგან და, შესაბამისად, რწმენისგან. უფალი ბრძანებს: თუ გინდათ, რომ უფალმა გაპატიოთ თქვენი ცოდვები, თქვენ აპატიეთ მათ. თუ შენ არ აპატიებ და არც ის გაპატიებს, ჯიბრში გიდგება, ესე იგი, ისიც შენნაირი ადამიანია. ღმერთს უნდა, დაგანახვოს, რომ, თუ შენ არ აპატიებ სხვას, ესე იგი, არ განიცდი შენს ცოდვებს. ღმერთმა რომ გაპატიოს ისე, რომ შენ სხვას არ აპატიო, ვერ იგრძნობ, რამხელა სიხარულია ცოდვების პატიება.  რამდენიც გინდა, იმარხულე, აზრი არ აქვს თუ გულში ამდენი ბოღმა, შური გაქვს. სიმდაბლის, სიყვარულის, რწმენის, იმედის გარეშე არც ლოცვაა და არც მარხვა, არც ახალი წელი იქნება ბედნიერების მომტანი. 
– არის რეგიონები, სადაც არ არიან მოძღვრები. დღეს, ალბათ, საჭიროა ყველგან იყოს განათლებული, კარგი სასულიერო პირი. 
– შენ თუ ელოდები, რომ იქ ყველა მორწმუნე დაგხვდება, ხელში აგიტაცებენ, არასწორია. მამაოს, რომელსაც მსახურებისთვის ეპისკოპოსი აგზავნის, სადაც უნდა იყოს ის, თუ გულწრფელად ილოცებს, პურიც ექნება და საჭმელიც. თუ მოძღვარი სწორად იქადაგებს, სწორად იცხოვრებს, მის ირგვლივ მთელი სოფელი შემოიკრიბება. მოძღვარი სოფელშივე უნდა ცხოვრობდეს, რადგან რამე რომ დასჭირდეს ადამიანს, ადგილზე ხომ უნდა დახვდეს. ყველა სოფელში უნდა იყოს თითო მღვდელი. სადაც მღვდელია, ის სოფელი ცოცხლდება. დღეს მოძღვარს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ზოგიერთი მოძღვარი კი ამბობს, სპორტი ეშმაკის არისო – ასეთ მოძღვართან ვინ მივა. 

ნათია უტიაშვილი​

წყარო

ქრისტიანები, მორწმუნეები, დღევანდელი

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar