როდის და რა ფორმით ამოქმედდება შიდა განვადების სისტემა სავაჭრო ობიექტებში?

06.04.2019 ახალი ამბები 221 0 0.0

Загрузка...

ახალი საბანკო რეგულაციების წნეხის შედეგად გაყიდვების საგრძნობლად შემცირების ფონზე ბიზნესები ჩიხიდან გამოსავალს შიდა განვადების სისტემის დანერგვაში ეძებენ.

როგორ მიმდინარეობს ახალ სავაჭრო სქემაზე მუშაობა და იმუშავებს თუ არა სისტემა კანონის საწინააღმდეგოდ? ეს საკითხი M2B-მ ტექნიკის მაღაზიებთან და ბიზნეს სამართლის სპეციალისტებთან გაარკვია.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ელექტრო–ტექნიკის მომხმარებელს შიდა განვადების სისტემას შესთავაზებს, მაღაზია „ტექნო ბუმია“. მისი გაყიდვები 2019 წლის იანვარში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით შემცირდა, თებერვალ-მარტში კი გაყიდვების რიცხვმა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 30-35%-ით იკლო და ამჟამად მთლიანი გაყიდვების წილში განვადებას მხოლოდ 15-20% უკავია.

მაღაზიის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე M2B-სთან საუბარში აცხადებს, რომ შიდა განვადების სისტემა დამუშავების პროცესშია და მაისიდან ამოქმედდება. კითხვაზე, ვინ უზრუნველჰყოფს განვადების თანხის ამოღებას და მიიღებენ თუ არა ამ პროცესში მონაწილეობას მიკროსაფინანსო და კოლექტორული ორგანიზაციები, ანზორ ქოქოლაძე გვპასუხობს, რომ დეტალებზე საუბარი ამ დროისთვის ნაადრევია.

„ამ სისტემის დასანერგად, პირველ რიგში, მომწოდებლების მხრიდან მხარდაჭერის მიღება არის საჭირო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკებები. ერთ მსხვილ ბრენდთან ჩვენ უკვე მოვახერხეთ შეთანხმება და მეორესთანაც გვაქვს კონსულტაციები. ვმუშაობთ გამარტივებულ მოდელზე, რომელითაც მომხმარებელი, საბანკო განვადების სისტემასთან შედარებით, ბევრად ადვილად შეძლებს ტექნიკის შეძენას. ჯერ-ჯერობით დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან სისტემა სამუშაო რეჟიმშია და შეიძლება რაღაცები შეიცვალოს. საბოლოო ვარიანტზე შეჯერებას კომპანია აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში შეძლებს და აღნიშნულ მომსახურებას სწორედ ამ დროიდან შევთავაზებთ მომხმარებელს“, - უთხრა M2B-ს ანზორ ქოქოლაძემ.

გაყიდვების შემცირების პრობლემასთან გამკლავებას არა შიდა განვადების სისტემით, არამედ პროდუქტზე ფასის 10-15%-ით დაკლებით ცდილობს კომპანია „ბეკო“. მისი ტექნიკის განვადებით გაყიდვები რეგიონებში 30%-ით დაეცა, მაგრამ ნაღდი ფულით გაყიდული პროდუქციის რაოდენობა გაზრდილია. თუ კომპანიის გაყიდვებში განვადების წილი 70% იყო, დღეს 50-50%-ზეა.

"ჩვენ ამის მომხრე არ ვართ, რადგან დიდ რისკს შეიცავს... დიდია თანხის უკან დაბრუნების რისკი. შეიძლება, თანხის 30-35% უკან არ დაბრუნდეს", - აცხადებდა კომპანია „ბეკო“-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი მედიასთან.

M2B დაინტერესდა, რამდენად იქნება შიდა განვადების სისტემა ახალ საკრედიტო პოლიტიკასთან შესაბამისობაში და არსებობს თუ არა კანონდარღვევის რისკები?

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 4 აპრილს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკრედიტების პოლიტიკის ცვლილებისას ყველა რისკი შეფასდა, ხოლო რაც შეეხება შიდა განვადების სისტემის მოქმედების კანონიერებას, ეს სამართლებრივი შეფასების საკითხია.

„რისკები ყველაფერი შეფასდა, როცა ხდებოდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ფორმირება. რაც შეეხება განვადებებს მაღაზიებში საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, ეს კითხვა არის იმ ბუნების, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი შეფასება. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ჩვენი კანონმდებლობა ეწინააღმდეგებოდეს ამ ყველაფერს”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საითხის შეფასებისას იურისტების ნაწილი ფიქობს, რომ ის, თუ რამდენად არსებობს კანონის დარღვევის რისკები, შიდა განვადებების კონკრეტული სქემების საფუძველზე უნდა გადაწყდეს და რამდენად დიდი იქნება კანონთან წინააღმდეგობის შესაძლებლობა, ამის სიღრმისეული განხილვა მოგვიანებით, უკვე სისტემის მოქმედების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ნაწილის პოზიცია კი ასეთია, რომ სქემა, რომლითაც ბიზნესი იხელმძღვანელებს, მათი შიდა პოლიტიკის საქმეა და ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად უღირს თანხებით გარისკვა. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაზე მთავარი, რაც ამ სქემით მუშაობისას უნდა გაითვალისწინონ მაღაზიებმა, ის არის, თუ რამდენად და როგორ შეძლებენ სესხების გადახდის უზრუნველჰყოფას და ამ მხრივ ეს სისტემა ნამდვილად დიდი პრომელბის შემცველია.

ფაქტია, რომ ტექნიკის მაღაზიებს გაყიდვების ჩვეული ტემპის დასაბრუნებლად ახალი სხვადასხვა სქემების შემუშავება დიდი შრომისა და რისკის ფასად უწევთ. ამ სიტუაციაში კი მთავრობა დაკრედიტების ახალ პოლიტიკის მნიშვნელოვნად შეცვლას არ აპირებს და საბანკო რეგულაციებში მხოლოდ მცირე კორექტირების შესატანად მინიმუმ 2 კვარტლის მონაცემების დაჯამებას ელოდება.

წყარო

სისტემა, შიდა განვადება, სავაჭრო ობიექტები

ვარსკვლავების ინტერნეტით გავრცელებული სქესობრივი აქტის ვიდეოები
13.10.2019
სტალინი, ჰიტლერი და ფროიდი...
13.10.2019
ძილის რეკომენდირებული პოზები
13.10.2019
სპორტი იმედზე - 13 ოქტომბერი, 2019 წელი
13.10.2019
ცხელი ბუტერბროდი უპუროდ
12.10.2019
ცნობილები „ღია“ ჩაცმულობით
12.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar