ბიოგრაფია

ტერენტი გრანელი / Terenti Graneli

03.02.2019 მწერლები 40 0 0.0

Загрузка...

ტერენტი გრანელი დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს, დაბა წალენჯიხაში.

ბრძენკაცის სიტყვებით, "ვინც მზის მეორედ მოსვლის შემდეგ პირველი დაიბადება, დიდი კაცი იქნებაო უთუოდ ის!".. და მზის მეორედ მოსვლის შემდგომ დაბა წალენჯიხაში პირველი სწორედ ივლიტა და სამსონ კვირკველიების ვაჟიშვილი დაბადებულა. ბედნიერ მშობლებს ოქროსფერთმიანი, ცისფერთვალება, ბაგეზე ღიმილდაფრქვეული პატარასათვის ლამაზი, რითმული სახელი - "ტერენტი" დაურქმევიათ.

ბავშვი გაიზარდა. იგი დიდი პოეტი გახდა, უკვდავი პოეტი, "სევდის პოეტი" - ტერენტი სამსონის ძე კვირკველია, ქართულ პოეზიაში "ტერენტი გრანელის" ფსევდონიმით ცნობილი.

image

როგორც ლერი ალიმონაკი "კვირის წირვებში" წერს, ტერენტი გრანელს ბედისწერამ განუსაზღვრა დაბადების დრო და ადგილი;უბოძა გვარი და სახელი, ბედისწერამ ცამოუყალიბა ხასიათი, დაუდგინა ამოუხსნელ და ამოსახსნელ ამოცანათა წრე; ბედისწერამ უწყალობა სიხარულისა და მწუხარების, ბედნიერებისა და უბედურების წამები, წამები ხან რომ აინთებოდნენ და ხან რომ ჩაქრებოდნენ.ბედისწერამ დაბადა ტერენტი გრანელი სწორედ წალენჯიხაში, საქართველოში და არა სადმე სხვაგან, სხვა ქვეყანაში, დაიბადა სწორედ 1898 წელს, იცხოვრა მე-20 ასწლეულს და არა სხვა დროს, რადგან მას სწორედ ამ საუკუნის ხვედრი უნდა გაეზიარებინა.

მომავალი პოეტი ივლიტა და სამსონ კვირკველიების მესამე შვილი იყო (პირველი ქალიშვილი მარიამი, რომელსაც მაშოს ეძახდნენ, მეორე ბიჭი, რომელიც ჩვილობაშივე გარდაცვლილა, მესამე -ტერენტი, მეოთხე - ზოზია).

ტერენტი გრანელის ბედი თავიდანვე, ბავშობიდანვე ტრაგიკულად წარიმართა.მომავალი პოეტი 5 წლისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა, დედა, რომლის მოულოდნელი სიკვდილი გვიან გააცნობიერა და მთელი ცხოვრება ამოუცნობ ქიმერად, მტანჯველ ფიქრებად ექცა. სამყარომ, რომელიც თითქოს უკუღმა იმზირებოდა მის თვალებში, მოგვიანებით უსაზღვრო მისტიკურ სივრცეს დააკავშირა. პოეტისათვის, "უდაბურ კუნძულზე გამორიყული მეზღვაურისათვის" დედამიწა უცხო მიწა აღმოჩნდა და ხილულ სამყაროსთან ფრთხილი, იჭვნეული კავშირი დაამყარა. ამქვეყნიურისგან გაუცხოების გრძნობა ხუთი წლის მომავალ პოეტში გაუცნობიერებლად, "იყო-არ იყო"-ს, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დაიბადა, იმ წამებში დედა რომ სამარეში ჩაუშვეს და მისი ბავშვობაც თან გაჰყვა.

მამა, რომელიც დედის გარდაცვალების შემდგომ კაციც იყო და ქალიც, ყანიდან მობრუნებული ბავშვებზე, ოჯახზე ზრუნავდა, მერე დაღლილ-დაქანცულს მკვდარივით ეძინა დილამდე, ალიონზე ისევ სამუშაოდ მიდიოდა და წასვლისას ნაღვლიანად უმზერდა ცეცხლის პირზე გაელვებულ ობლების ცრემლს.ტერენტიც ხშირად დაჰყვებოდა სათოხარში. უბედური მამა გაჭირვებამ გაამკაცრა, მაგრამ ცხოვრებამ საბოლოოდ მაინც ვერ გააბოროტა მისი ფაქიზი სული.უდროოდ დაობლებული სამი მცირეწლოვანი შვილის ბედი დიდად აწუხებდა ოჯახის მოსიყვარულე მამას.ყველაზე მეტად სამსონ კვირკველია მაინც პატარა ზოზიას უდედოდ დარჩენას განიცდიდა, რადგან ან უნდა გაეშვილებინა, ან მეორე ცოლი უნდა შეერთო.ცხოვრება თავისას მოითხოვდა და სამსონმა მეზობელი სოფლიდან მებონიას ასული, დარია შეირთო. როგორც ჩანს, სამსონის არჩევანი პრაქტიკული მოსაზრებით იყო ნაკარნახევი: განათხოვარ დარიას შვილი არ ჰყავდა და წესით, ტერენტი და მისის დედ-მამიშვილები ღვიძლი შვილებივით უნდა მიეღო. სამსონ კვირკველიას მოლოდინი გამართლდა.

ტერენტი გრანელის სულიერი მოძღვარი იყო კარის მეზობელი, ზემო სამეგრელოში ცნობილი მწიგნობარი და მოღვაწე - იაკობ შანავა, რომელიც ასწავლიდა "უბედური და საწყალობელი ის არის, ვინც ისე დაჰკანკალებს საკუთარ სხეულსა და სიცოცხლეს, თითქოს მთელი კაცობრიობის ბედს მის ხრწნად ხორცში ჩაებუდებინოს".

იაკობ შანავა მთელი არსებით ებრძოდა საქართველოს მტრებს და 1918 წელს "სახალხო საქმეში" წერილიც კი დაბეჭდა, რომელშიც მიუთითებდა ქართული ენის შესწავლისა და ყოველივე ეროვნულისადმი სათანადო ყურადღების მიქცევის აუცილებლობაზე. იგი საყვარელ მოწაფესაც ეროვნულ გრძნობებს, მშობლიური ქვეყნის წარსულის, კულტურის, ისტორიის, ლიტერატურის (პოეზიიის) სიყვარულს უნერგავდა. ცნობილი მწიგნობარი და მოღვაწე ხშირად ესაუბრებოდა პატარა ტერენტის აკაკიზე, ვაჟაზე, იაკობ გოგებაშვილზე, არჩილ ჯორჯაძეზე.სწორედ იაკობ შანავას ბიბლიოთეკაში ეზიარა ტერენტი გრანელი პირველად რუსთაველისა და გურამიშვილის, ბარათაშვილისა და აკაკის, ვაჟასა და ილიას უკვდავ სტრიქონებს, სახარების მცნებებსა და ზნეობრივ მოძღვრებებს.

იაკობ შანავას მეუღლის, ეკატერინე გვასალიას სათნო სახე ტერენტი გრანელს მთელი ცხოვრება ახსოვდა;მადლიერებით იყო განმსჭვალული იმ ადამიანის მიმართ, რომლის გულმოწყალებასაც ბევრი ღარიბი ახალგაზრდა დაუყენებია გზაზე.მომავალი პოეტის თბილისში სასწავლებლად გაგზავნაზე სამსონ კვირკველია სწორედ იაკობ შანავამ და მისმა მეუღლემ დაითანხმეს; თბილისში მიმავალ ტერენტის წერილებიც კი გაატანეს ზაქარია ჭიჭინაძესთან და სიმონ ფოცხიშვილთან, რათა დახმარებოდნენ უცხო ქალაქში ახალგაზრდას.

ტერენტი გრანელი მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება ორ რამეს ეთაყვანებოდა: პოეზიასა და თბილისსმისთვის სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო, თუმცა არასოდეს ყოფილა მატერიალურად უზრუნველყოფილი, არასოდეს ღირსებია საკუთარი ჭერი, სამსახური, არც ჰონორარებით ყოფილა განებივრებული.მის სევდიან და შეჭირვებულ ყოფაში მხოლოდ რამდენიმე მცირეხნიანი გამონათება თუ იყო და ისიც თავის საყვარელ ქალაქში, რაც საკუთარი წიგნის გამოცემას, ლიტერატურულ საღამოს, ან მკითხველთა აღიარებას უკავშირდებოდა ყოველთვის.

ფსევდონიმის უცნაური აურჩევია "გრანელი" (თავიდან "წალენჯიხელის" ფსევდონიმით წერდა).მის ლიტერატურულ სახელს რამდენიმე ახსნა აქვს: ერთთა აზრით, იგი ლათინური "გრანუმ"-იდან (მარცვალი) მოდიოდა ("მეც პატარა ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო", -აცხადებდა პოეტი); სხვათა მოსაზრებით, გრანელი გვარია, იტალიელი მომღერალი ქალის პატივსაცემად შერქმეული.

image

ტერენტი განელის ყოფისა და შინასამყაროს უძირითადესი ფორმაც და მდგომარეობაც უპირველესად მარტოობა და მარტოსულობა იყო. გულჩათხრობილი და ჩაფიქრებული თითქმის არასოდე საუბრობდა თავის ცხოვრებაზე.თბილისში არავინ არაფერი იცოდა პოეტის ოჯახზე; არც ის იცოდნენ, სად ან რითი ცხოვრობდა.იგი დადიოდა თბილისში " სისხლიანი რვეულით", თბილისში, რომელიც მისი პოეზიის წყარო, სევდისა და სიხარულის მიზეზი, წმინდა თავშესაფარი და ძვალთშესალაგი ("თბილისი - წმინდა თავშესაფარი.. თბილისი მინდა, როგორც საფლავი") იყო;

image

დადიოდა თბილისის ქუჩებში ჩაფიქრებული, დაბნეული ანდა იშვიათად გახარებული; აჩერებდა გამვლელებს, უკითხავდა თავის ლექსებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ტონითა და აქცენტით.

ტერენტი გრანელი თბილისის ერთ ძველ უბანში, იტალიური ეზოს კიბის ქვეშ ცხოვრობდა, ნიკო ფიროსმანსავით, როგორც მხატვრის ბედის პოეტური გამგრძელებელი, მასავით ადამიანის სითბოსა და სიყვარულს დანატრებული, მასავით დიდი სულისა და ნიჭის პატრონი, მასავით დაუფასებელი, სადა, უბრალო. ტახტის, მაგიდის, სკამის, პატარა ნავთქურის.. და ლექსების გარდა არაფერი გააჩნდა..

ტერენტი გრანელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის ადრეულ წლებში (1920-1928) უფრო პოპულარული იყო, ვიდრე შემდგომ, როცა თბილისმა თითქოს უცებ შეიცნო სულიერი დეპრესიითა და მძიმე ფსიქიკური აშლილობით დაავადებული ტერენტი გრანელი, თუმცა ისევ პოეტი, მუზათა და ლანდთა სტუმრობით შთაგონებული და გატანჯულიც.

image

პოეტი თავიდანვე ჩაერთო თბილისის ლიტერატურულ-ბოჰემურ ყოფაში, შეუმჩნეველი არ დარჩენილა მისი ღარიბული გარეგნობა და მდიდარი ლირიკული ლექსები. დაუბეჭდეს, შეაქეს კიდეც; სულ მალე თბილისელებმა ეს ლექსები დაიზეპირეს და დაიწყო გზა აღიარებისა."აღიარება" ამ შემთხვევაში პირობითი ცნებაა, რადგან მას პოეტისათვის ცხოვრების სტილი მცირედითაც არ შეუცვლია, არც კეთილდღეობის რამე ნიშან-წყალი დატყობია.უბრალოდ იგი გაიცნეს პირველ გულშემატკივართა (იაკობ შანავა, ზაქარია ჭიჭინაძე, იოსებ იმედაშვილი) და მეგობართა მხარდაჭერით.1920 წელს ტერენტი გრანელის ლექსების პირველი კრებულიც გამოიცა სათაურით "პანაშვიდები".იმ პერიოდში, შემოქმედებითი ძიების გარდა, ცხოვრების გზისა და არსის შეცნობასაც ცდილობდა. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას მიეკედლა, პუბლისცისტიკაშიც სცადა ბედი, უნივერსიტეტში მეგობართა რჩევით ფილოსოფიის ლექციებს ესწრებოდა, საგამომცემლო საქმიანობიტაც დაინტერესდა, მეგობრებთა ერთად გაზეთი "ია" და ჟურნალი "კრონოსის სარკე" გამოსცა. ეს გამოცემები ტერენტი გრანელისა და მისი ლიტერატურული საძმოს პოეტურ სამყაროს ასახავდნენ, თუმცა ორივე მათგანის არსებობა თითოროლა ნომრით შემოიფარგლა, მათი მესვეურის უსახსრობის გამო.ტერენტი გრანელმა რედაქციაში მუშაობაც სცადა.

ტერენტი გრანელმა 1920 წელს გამოსცა მოდერნისტული სულისკვეთების ჟურნალი, "კრონოსის სარკე", რაც სალიტერატურო კრიტიკას შეუმჩნეველი არ დარჩენია.ვრცელი წერილი მიეძღვნა ამ ფაქტს, რომელშიც ირონიული ხერხებითაა შეპირისპირებული ძველი, ტრადიციული და ახალი, მოდერნისტული პოეზია; მოდერნისტული პოეზიის თავისებურებებად, ღირსებებად აღიარებულია "საიდუმლო ხილვების უნარი", "ბრილიანტებით მოფენილი ხილვები", "სიმბოლიზმის მწვანე ფერების" შეგრძნება, "თეთრებში გამოწყობილი" პოეზიის გოლიათების დამაბრმავებელი ბრწყინვალება, მაგრამ, წერილის თანახმად, "ახლადმოვლენილი სიმბოლისტების ლექსებს" გონივრულსა და ლოგიკურს ვერ ვუწოდებთ.

წერილის ავტორს განსახილველად აურჩევია ტერენტი გრანელის ორი სონეტი, რომლებშიც ვერ ხედავს რეალურს; ასკვნის, რომ გაუგებარია, რაზეა საუბარი სონეტში; წერს, რომ "არ არის ლოგიკა, არ არის სახე და სურათი, მხოლოდ უცნაური .. მახინჯი ფრაზებია".

ტერენტი გრანელის პოეზია იყო აბსოლუტურად განსხვავებული თავისი თანამედროვე ტრადიციული ქართული მწერლობისაგან. ეს იყო "მესამე გზა".

image

1922 წელს, ზაქარია ჭიჭინაძის დახმარებით, ტერენტი გრანელმა გამოსცა კრებული "სულიდან საფლავები", რომელიც გამოხატავდა პოეტის რელიგიურ- ფილოსოფიურ მისწრაფებებს. ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი მძინვარებდა; პარტიული სულისკვეთებით აღსავსენი ყოველ ადამიანში ახშობდნენ მშვენიერს, ამაღლებულს.. და ამ დროს ტერენტი გრანელი სულის უკვდავყოფის, წმინდა ხელოვნების, "მესამე გზის" ფილისოფიით მოვიდა ქართულ მწერლობაში.პოეტს სასტიკმა დრომ და ბედისწერამ თანაბრად გამოუტანა განაჩენი; სისხლითა და ღალატით სავსე დრომ არც სიცოცხლეში და არც სიკვდილის შემდგომ დაინდო პოეტის სახელი.ლიტერატურულ სამყაროში გამოჩენის დღიდან რეაქციული კრიტიკა გამუდმებით ესხმოდა თავს ტერენტი გრანელის პოეზიას და ცდილობდა, ამ "სევდიან და მოწუწუნე პოეტს" ეპოქისათვის "მიუღებელი" და "შეუფერებელი დარდიანი განწყობა არ გადაედო კომუნიზმის დროშის ქვეშ მოზეიმე ქართული მწერლობისთვის".

სალიტერატურო კრიტიკას განსაკუთრებით აშინებდა გამოცემა ტერენტი გრანელის პოეტური კრებულებისა, რომელთაგან აშკარად ისმოდა მოდერნისტული სისხლის ექო. თვით სათაურებიც კი ("პანაშვიდები", " სამგლოვიარო ხაზები", "სულიდან საფლავები", "მემენტო მორი"..) საკმარისი მიზეზი იყო კრიტიკოსებისათვის, რომ "იდეურად მავნე" ლექსთა ავტორად და ლიტერატურაში "მკვდარ ადამიანად" შეერაცხათ.

image

ამდენად ურთულესი იყო ტერენტი გრანელის შემოქმედებითი და პირადი ცხოვრების გზა. მის ცხოვრებაში ჰონორარებით საჭმლისა და ტანსაცმლის ყიდვის მცდელობაც ყოფილა, მეგობართა დაჟინებით, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დროს ტერენტი გრანელი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა და იგი საკუთარ თავსა და ბუნებას ვერ დამალავდა .. და ისევ უბრუნდებოდა ბოჰემურ ყოფას, როცა მშიერი პოეტი უკანასკნელი ნასესხები გროშებით ხან მეგობრებს უმასპინძლდებოდა, ხანაც დაქირავებული ეტლით გოლოვინსკზე ჩაიგრიალებდა და იქ, სადაც პოეტები იკრიბებობდნენ, ფეხზე დგებოდა, გაქანებული ეტლიდან ხმამაღლა ესალმებოდა მათ საკუთარი სახელის ძახილით:

"გახლავართ პოეტი ტერენტი გრანელი"-ო.

image

ეს იყო სურვილი და გამოხატულება იმისა, რომ იქ მდგარი პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას გვერდით ეგულისხმათ, მარადიული სამყაროსაკენ, "მესამე გზისაკენ" გეზაღებული. მისი ცხოვრება და შემოქმედება იყო "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა...."

image

საბედნიეროდ, არსებობდა ლიტერატურული საზოგადოების მეორე ჯგუფიც, ჯანსაღად მოაზროვნეების კატეგორიაც, რომლისთვისაც ტერენტი გრანელის პოეზია ახალი, პროგრესული სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში.მათ შორის იყო ტიციან ტაბიძე, რომლის ლექსის ("მეწყერი") სტრიქონებიც თამამად შეიძლება, გადატანილ იქნას ტერენტი გრანელზეც და ითქვას, რომ "ქართული მზის", "ქათული მიწის" ტრფიალებით შთაგონებულმა "ბედნიერება მან ლექსებს მისცა".სამშობლო იყო ტერენტი გრანელისათვის შინაგანი ცრემლიც, ტკივილ-ნეტარებაც და დემონური ძალაც.

ტერენტი გრანელის პოეზიის, მისი რელიგიური ლირიკის მნიშვნელობა და სიახლე არც ტიციან ტაბიძის ბიძაშვილს, "პოეტთა მეფეს", ქართული პოეზიის მეტრს - გალაკტიონ ტაბიძეს გამორჩენია. "წალენჯიხელის" პოეზიის უდიდეს აღიარებად უნდა მივიჩნიოთ მისი სიტყვები, "მეფისტოფელის საუკუნის" სახელმდებლის შეფასება, რომ ტერენტი გრანელი მისი მეგობარია, არა უბრალო, არამედ "უდიდესი მეგობარი", "ხალასი ნიჭი და გენია", "ბუნებით პოეტი, ჭეშმარიტი პოეტი".

image

"პანაშვიდებს" სხვა პოეტური კრებულებიც მოჰყვა:"სამგლოვიარო ხაზები" (1921), "სულიდან საფლავები" (1922), "მემენტო მორი" (1924), "ლექსები" (1924), რომლის შემდგომ ტერენტი გრანელის პოეზიას გამომცემელთა ყურადღება თითქმის ოცდახუთი წელი აღარ ღირსებია.

"1922 წელი .. ყველა "საფლავებზე" ლაპარაკობს, უქებენ პირში, ჩუმ-ჩუმად ძაგებაც ესმის, აღიარებენ და კიცხავენ კიდეც.მეგობრები წრფელი გულით ულოცავენ გამარჯვებას, მტერები - დასცინიან და ქირქილებენ.. ტერენტი გრანელს მთლად ჩაუკლავს სურვილები და იმედები, ქვეყნად სანუგეშოს ვერას ხედავს, მისი სული გლოვას მოუცავს, სიკვდილისკენ, სამარისკენ იმზირება, ეს სიკვდილია პოეზიის... ტერენტი გრანელის პოეზია არის მოწყენილობის, უიმედო მწუხარების, სიკვდილის წინათგრძნობის პოეზია, რომელშიც არ ურევია არცერთიმ იმედი, არცერთი საგაზაფხულო მოლოდინი და რომელშიც იმავე დროს სრული უარყოფაა ბედთან ბრძოლის.."[ალიმონაკი, "კვირის წირვები", თბილისი, 1984, 100].

image

XX საუკუნის 20-30-იანი წლების ქართული პოეზია უმთავრესად კავშირის გაწყვეტაა უმაღლესი სულიერების, ღვთაებრივი ნათლისა და სიკეთის ხაზთან, რადგან პროლეტარიატზე, რევოლუციაზე, სოციალისტური ქვეყნის წარმატებებზე წერა იქცა პოეტის ღირსების საზომად.ტერენტი გრანელი თავიდანვე რჩეულ ერთეულთა შორის იყო იშვიათი ნიჭირერებით, უწმინდესი იდეალებით.პოეტი თავისი რელიგიურ-მისტიკური ლირიკით დაუპირისპირდა "მეფისტოფელის საუკუნეს", ირაციონალურით შეებრძოლა ცხოვრებისეულ სირთულეებს, მხატვრული სიტყვით დაამარცხა საუკუნის დემონები.

ტერენტი გრანელის შემოქმედება, მისი რელიგიური ლირიკა, საღვთო სახისმეტყველება მიუთითებს იმაზე, რომ პოეზია უმაღლესი გამოცხადებაა, რომელსაც სამყაროს ხელემორედ შექმნა ძალუძს; პოეზია გამოსხივებაა შემოქმედისა, რომელიც ქვეცნობიერის უწყვდიადეს შრეებს ანათებს და წვდება ადამიანის სულის დაფარულ სიღრმეებს; პოეზია ხსნაა, ქრისტეს სისხლსავით რომ მოწვეთავს ცისფერ პერანგზე ("ცისფერი ყვავილი" სიმბოლოა ზეციური ბედნიერების, მწუხარე მშვენიერების).

image

ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც გამოიქცა.გარდაიცვალა 1934 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში, "არამიანცის" საავადმყოფოში. მცირერიცხოვანმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა, ხოლო მოგვიანებით, 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

წყარო

Terenti Graneli, ტერენტი გრანელი
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...