ინტერვიუ - კინოინდუსტრია

ინტერვიუ დარენ არანოვსკისთან

04.12.2017 ინტერვიუ 491 0 0.0
Загрузка...

მოგწონთ, რომ მაყურებელს ტანჯავთ?  

იცით, არ ვფიქრობ, რომ ჩემი ფილმების ყურებისას იტანჯებიან. რაც ჩვენ ტანჯვა გვგონია, სხვისთვის შეიძლება სიამოვნება იყოს. დასამახსოვრებელი სურათის შექმნა დღევანდელ სამყაროში ძალიან რთულია, რეჟისორს კი სურს, მოახდინოს ძლიერი შთაბეჭდილება, რომელიც მაყურებელს დიდხანს გაჰყვება. ამის მისაღწევად შეიძლება შემაწუხებელიც ვიყო, მაგრამ ცხოვრებაშიც ასეა – საკუთარ დასაც კი თავი უნდა მოვაბეზრო, რომ ყურადღება მომაქციოს.

თქვენი ფილმების შეფასებისას აზრი ყოველთვის ორად იყოფა. სწორედ ეს ხომ არ არის თქვენი მიზანი?

ეს რატომ უნდა იყოს ჩემი მიზანი? გულწრფელად გეტყვით: უფრო მესიამოვნებოდა, თუ ჩემი ნამუშევრები ყველას მოეწონებოდა (იცინის). მაგრამ რა ვქნა, ეს ისაა, რასაც ვაკეთებ და სხვანაირად არც ვიცი და არც შემიძლია. როდესაც ოცნების რექვიემი გამოვიდა, ხალხი მეუბნებოდა, რომ ფილმზე გული აერიათ. ტორონტოს კინოფესტივალზე კი, პრემიერის დროს, რამდენიმე მაყურებელი ცუდად გახდა და კართან სასწრაფოები იდგა. ოცნების რექვიემი ახლა რომ გადამეღო, ასეთი გამოხმაურება არ მოჰყვებოდა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო. იგივე მოხდა პის შემთხვევაშიც, რომელსაც ნიუ-იორკ ტაიმსმა ამაზრზენი და მუწუკებიანი ნამუშევარი უწოდა. მე მესმის მათი, ყველას გულს ხომ ვერ მოიგებ?

თუმცა, დღეს სურათი შეიცვალა და თქვენი მომდევნო ფილმები მაყურებელმა კარგად მიიღო…

მაგრამ ჩემგან რესტრელის მსგავს ფილმს არ ელოდნენსულ მეუბნებოდნენ: გაგიჟდი? კარიერის დანგრევა გინდა? მიკი რურკს როგორ იღებ ფილმში? შავი გედიც მოეწონა მაყურებელს. მგონი, ხალხს უბრალოდ გემოვნება შეეცვალა.

კომედიის გადაღებაზე გიფიქრიათ?

ჩემი სტუდენტური ფილმების ნაწილი კომედია იყო. რატომაც არა, ისევ გადავიღებდი. თუმცა, ჯერჯერობით მძიმე ფილმების განწყობაზე ვარ და რატომ, არ ვიცი…

ინტუიციას მიყვებით?

კი, ძალიან ხშირად ხდება, რომ ამა თუ იმ ამბავს რაღაცით დავუკავშირდები და მერე მისი განვრცობა და ფილმად გამოძერწვა მინდება. ჩემი თითოეული პროექტი ერთგვარი მარათონია, და თუ ეს ფილმები ფირნიშამდე მივიდნენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შუა გზაზე მიტოვება არ შემიძლია. ყოველთვის რაღაც მაიძულებს, რომ მივუბრუნდე და ყველაფრის ფასად დავამთავრო.

შადრევანის შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა. ბრედ პიტმა, რომელიც მთავარ როლზე გყავდათ დამტკიცებული, გადაღებების დროს მიგატოვათ…

დიახ, ის მაშინ წავიდა, როცა ფილმზე უკვე 19 მილიონზე მეტი იყო დახარჯული. დარჩენილი 6 მილიონი ახალი ძალების მობილიზებას და შვიდ-თვიან კვლევა-ძიებას შევწირე. არ ვიცოდი, როგორ დამემთავრებინა დაწყებული საქმე. ერთ ღამესაც, დაძინება რომ ვერ შევძელი, ჩემს ოფისში გამოვედი, დავჯექი და ვფიქრობდი. იქვე ყველა ის წიგნი ეწყო, რომელიც ამ ფილმისთვის წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს უკვე ჩემი ნაწილი იყო და ამისგან ვერ გავთავისუფლდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ 19 მილიონი წყალში გადაყრილი აღმოჩნდა, ფილმი აუცილებლად უნდა დამემთავრებინა.

წარმომიდგენია, როგორი რთული იყო ეს ყველაფერი… 

ეს შვიდი თვე საკმაოდ მძიმე იყო როგორც ჩემთვის, ასევე მთელი გადამღები ჯგუფისთვის. ყველანი ძალიან დავზარალდით და ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრა…

ბრედ პიტი რატომ წავიდა?

ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, რადგან ჩვენ ორ წელზე მეტ ხანს ვიმუშავეთ ერთად და ეს მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა არ იყო. ძალიან დავმეგობრდით და ეს მისთვისაც მძიმე გადაწყვეტილება იყო. თუმცა, ზოგჯერ რაღაც ხდება და ასეთი ურთიერთობაც ინგრევა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მე ფილმის გამო თვეების განმავლობაში ავსტრალიაში მიწევდა ყოფნა, მას კი ლოს-ანჯელესში. ყველაფერთან ერთად, შემოქმედებითადაც დავშორდით ერთმანეთს…

ინტუიცია გადაღებების დროსაც მნიშვნელოვანია?

რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესში ინტუიტური ქმედება აუცილებელიც კია. არსებობს მითი, რომ რეჟისორებს ყველაფერი წინასწარ დაწყობილ-დალაგებული აქვთ და ისე მართავენ გადაღებებს. შეიძლება ვიღაც ასეც მუშაობს, მაგრამ მე – ნამდვილად არა.

თქვენ როგორ მუშაობთ?

გადაღებების დროს ვცდილობ, ბევრი კარგი ადამიანი შემოვიკრიბო და შევქმნა გარემო, რომელიც მსახიობებს ბოლომდე გახსნის საშუალებას მისცემს. თუმცა, შეიძლება რაღაც გადაცდომები მოხდეს და სწორედ ამ დროს უნდა ჩავრთო ჩემი ინტუიცია და ყველაფერი თავის ადგილზე დავალაგო. მნიშვნელოვანია, რომ ძალით არაფერი გააკეთო, რადგან ეს არარეალურ და ყალბ შედეგს მოგცემს.

წყარო: http://the-talks.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

არანოვსკისთან, ინტერვიუ, დარენ
სულ კომენტარი: 0
avatar