ფილმების განხილვები - კინოინდუსტრია

ამერიკის გაქურდვის გეგმა

02.12.2017 ფილმების განხილვები 472 0 0.0
Загрузка...

რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ სტივენ სოდერბერგს ხელში საინტერესო სცენარი ჩაუვარდა. სცენარისტმა რებეკა ბლანტმა მოახერხა და საუკეთესო გაქურდვების ოსტატი დააინტერესა. არსებობს სერიოზული ეჭვი იმის შესახებ, რომ სოდერბერგი ყველაზე მარტოხელა შემოქმედია ჰოლივუდში, ხოლო მისი სცენარისტები და დამდგმელი ოპერატორები გამოგონილი ადამიანები არიან – რეჟისორის წარმოსახვის ნაყოფები.

უიღბლო ლოგანების ისტორია თავის თავში ოუშენის მეგობრებსა და პატარა მის ბედნიერებას აერთიანებს. ფილმის განვითარება ისეთია, რომ მაყურებელი არ მოიწყენს, არ დახედავს ტელეფონს და არც დარბაზიდან ადრე გასვლა მოუნდება.

ძმები ლოგანები (ჩანინგ ტატუმი და ადამ დრაივერი) იმაზე ჩვეულებრივები არიან, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მათი ყოველდღიური ცხოვრება მიწის თხრისა და ბარში მუშაობისგან შედგება. გაქურდვის იდეა ორიგინალურია: ძმებს სურთ, ხელში ჩაიგდონ სხვადასხვა გაყიდვის ობიექტიდან გამოგზავნილი ფული. მითუმეტეს, რომ ობიექტის ირგვლივ მიმდინარე სამუშაოები მათ ხელს უწყობს – სიგანლიზაცია გარკვეული დროით გამორთულია.

იდეალურად გაწერილი გეგმის განხორციელება ერთი კვირით გადაიწევს, იმ დროისთვის, როცა ამერიკის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – NASCAR მიმდინარეობს. ამიტომ, მის შესასრულებლად აუცილებელი ხდება ცნობილი ამფეთქებლის, ჯო ბაბახის (დენიელ კრეიგის გმირი) ციხიდან გამოყვანა. თავის მხრივ, ჯოც თავისი ძმებს რთავს საქმეში, ძმებს, რომლებიც ტრამპის ტიპიური ამომრჩევლები არიან და მათთვის NASCAR-ის გაქურდვა ამერიკის გაქურდვას, მისი იდენტობისა და კულტურის მოპარვას ნიშნავს. თუმცა, მაინც გამოინახება გზა, რომელიც მათ საქმემდე მიიყვანს.

უიღბლო ლოგანები ყველაზე ამერიკული ფილმია, რომელიც კი ბოლო წლებში მინახავს. აქ ზედმიწევნითი სიზუსტით და დიდი სარკაზმით არის გადმოცემული ის კულტურა, რაზეც საშუალო ამერიკული სული დგას. კრიმინალურ კომედიაში ყველაფერია: საინტერესო გმირები, სიუჟეტი, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს, ამერიკული ცხოვრების სტილი და გარემო, რომელიც ამჟამინდელი ყოფის რეალური სახეა. გროტესკი იმ დოზით არის მოწოდებული, რომ მაყურებელში გაღიზიანებას არ იწვევს. რეჟისორი არ ცდილობს, მოცემულობაში რაიმე შეცვალოს. უბრალოდ, კამერით დაჰყვება მთავარ გმირებს და ცდილობს, მათ ცხოვრებას მეტი იუმორი შეურიოს.

აქ მოყოლილი ოჯახური ამბავი არ მოიცავს თავის თავში უნივერსალურობის ცნებას, თითქოსდა მსგავსი რამ ყველგან ხდებოდეს. ეს ერთი პატარა ქალაქის ჩვეულებრივი მაცხოვრებლების ყოველდღიურობისგან თავის დაღწევის მცდელობაა. გაქცევა კი მხოლოდ და მხოლოდ ფულის დახმარებით შეიძლება. მათთვის გაქურდვა ერთგვარი ტრიუკია, რომელიც უზადოდ უნდა შეასრულონ. ეს ამერიკის თანამედროვე ყოფითი ამბების კულტურაა. ძარცვა კი ისეა შეფუთული, რომ შეუძლებელია დამნაშავეების მიმართ სიმპათიით არ განეწყო.

მსგავსი ფილმების ყურებისას ყოველთვის გახსენდება რომელიმე ქანთრი სიმღერა. Take Me Home, Country Roads – ამ სიმღერის ფონზე ჩანან ადამიანები, რომლებმაც გაქცევა შეძლეს, და ჩვენ ვერ გავკიცხავთ მათ საქციელს, თუნდაც იმიტომ, რომ იქ არ გვიცხოვრია. მიუხედავად ამისა, ფილმის დასასრულს ვხვდებით, რომ ეს გაქცევაც ერთგვარი სახლში დაბრუნებაა. ამერიკა ხომ იმაზე დიდი ქვეყანაა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, – ქვეყანა, სადაც სახლიდან წასვლა და გაქცევა ახლო ცნებებია.

ამიტომ, მაყურებლებს ისღა დაგვრჩენია, პოპკორნი მოვიმარაგოთ, კარგად მოვკალათდეთ სავარძლებში და მაქსიმალურად დიდი ყურადღება გავამახვილოთ დეტალებზე. სოდერბერგს ხომ სწორედ დეტალებით უყვარს თამაში და ჩვენი მოტყუება. აქ ვერ ნახავთ სროლას, ვერც მანქანების დაძაბულ რბოლა, აქ არ არიან სუპერგმირები, რომლებმაც ყოველთვის ყველაფერი იციან. უიღბლო ლოგანების ამბავი უბრალო ამბავია, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს უცნობ კულტურას და ადამიანებს, რომლებიც ჩვენსავით ჩვეულებრივები არიან.

cinemania.adjara.com

ავტორი: გიორგი კარანაძე

 

ამერიკის, გეგმა, გაქურდვის
სულ კომენტარი: 0
avatar