სიახლეები - კინოინდუსტრია

ამომავალი თურქი ვარსკვლავი - ყველაფერი ჯან იამანის, ქართველების ახალი თურქი კუმირის შესახებ

28.11.2018 სიახლეები 96 0 0.0
Загрузка...

თურქი მსახიობები რომ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ცხადია. თუ თურქულ სერიალებს არ უყურებთ, მაინც გეცოდინებათ ამა თუ იმ მომხიბვლელი თურქი ვარსკვლავის შესახებ, რადგანაც „ფეისბუქის“ „ნიუსფიდი“ სავსეა მათი ფოტოებითა და ვიდეოებით.

ყველა სეზონზე ქართველ მაყურებელს სხვადასხვა ტრფობის ობიექტი ჰყავს. ამჯერად კი, განსაკუთრებული პოპულარობით მსახიობი, ჯან იამანი სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მონაწილეობით ჯერ არც ერთი სერიალი არ გასულა ქართულ ტელეარხებზე, მაინც სუპერპოპულარულია.

ჯან იამანი 1989 წლის 8 ნოემბერს, სტამბოლში დაიბადა. ჯანის ბაბუა ალბანელია, ხოლო ბებია მაკედონიიდან გახლავთ. ჯანი დაწყებით კლასებში თურქეთში სწვალობდა, თუმცა შემდეგ მისი ოჯახი იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად და სკოლა სწორედ იტალიაში დაამთავრა. შემდეგ, სტუდენტური გაცვლითი პროგრამით, ამერიკაში წავიდა, სადაც იურისპრუდენციას დაეუფლა.

დიახ, მომხიბვლელი მსახიობი პროფესიით იურისტია. ჯანი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა კიდეც თავისი პროფესიით და ამ საქმეში საკმაოდ წარმატებული იყო.

უნივერსიტეტში სწავლის დროს ის მსახიობის კურსებზეც დადიოდა და დღეს იხსენებს, რომ მსახიობობა უბრალოდ მისი გატაცება, ჰობი იყო. ჯანი ამბობს, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა დაეხმარა მას უკეთესი ორატორი ყოფილიყო, უკეთ მეტყველება შესძლებოდა და ეს მსახიობის პროფესიაში ძალიან გამოადგა.

მალე ჯანმა მეგობრების გავლენით გადაწყვიტა, რომ მთლიანად უარი ეთქვა იურისტობაზე და მთელი თავისი დრო სამსახიობო კარიერისთვის მიეძღვნა.

პირველად 2014 წელს, სერიალში Gönül İşleri მიიღო მონაწილეობა, სადაც მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა, შემდეგ იყო სერიალები İnadına Aşk, Hangimiz Sevmedik, Dolunay. ყველა მათგანში იამანს მთავარი როლი აქვს. განსაკუთრებული წარმატება მსახიობს სერიალმა „ნაადრევი ფრინველი“/Erkenci Kuş მოუტანა, რომელშიც ის ქარიზმატული ჯან დივიტის როლს ასრულებს.

სწორედ ამ სერიალით გახდა ის პოპულარული საქართველოშიც. აღსანიშნავია, რომ სერიალის გადაღებები ჯერ დასრულებული არ არის.

რაც შეეხება ჯანის პირად ცხოვრებას, ის მსახიობ Acelya Topaloglu-ს ხვდებოდა, წყვილი მალე დაშორდა, რის შემდეგაც ჯანის ახალი შეყვარებული მსახიობი ბესთემსუ ოზდემირი გახდა. წყვილი დაახლოებით რვა თვის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს, მაგრამ 2017 წლის დეკემბერში დაშორდნენ. „გთხოვთ ნუღარაფერს მკითხავთ ბატონ ჯან იამანზე. ჩვენ ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს და დავშორდით. მასზე საუბარი არ მსურს“, - უთხრა ჟურნალისტებს ბესთემსუ ოზდემირმა.

ამჯერად, თურქული მედიასაშუალებები ჯანისა და მისი ამჟამინდელი ეკრანული პარტნიორის, დემეთ ოზდემირის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წერენ აქტიურად. პაპარაცებმა ისინი არერთხელ დააფიქსირეს გადასაღები მოედნის მიღმა, პრივატულ და მყუდრო გარემოში, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობას ჯერჯერობით წყვილი ოფიციალურად არ ადასტურებს.

ჯან იამანი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და რა თქმა უნდა, თურქულ ენებზე. ის გატაცებულია კალთბურთით, მაგიდის ჩოგბურთით, რაფტინგით, ბადმინტონით. უკრავს გიტარასა და ფორტეპიანოზე. მსახიობმა შეიმუშავა სპეციალური ფიტნეს პროგრამა და ამბობს, რომ ზედმიწევნით კარგად იცავს მის წესებს. არ იყენებს არანაირ ქიმიურ საშუალებას კუნთების გასადიდებლად. უყვარს გემრიელი საჭმელი და გემრიელად ჭამა. გატაცებულია ასევე სპორტული ცეკვებით და ეს საქმეც შესანიშნავად გამოსდის.

წყარო

მსახიობები, სერიალი, თურქეთი, ვარსკვლავები, ფილმები
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...