სტატიები - კინოინდუსტრია

ეზრა მილერი − გმირი, რომელიც მსოფლიოს ახლა სჭირდება

12.01.2019 სტატიები 19 0 0.0
Загрузка...

არაა გამორიცხული, რომ ფილმ Fantastic Beasts-ის მეორე ნაწილის გამოსვლის შემდეგ, რომელიც ჰოგვარტსის და ფანტასტიკური ქმნილებების შესახებ მოგვითხრობს, ჰარი პოტერის ფანებს კიდევ ერთი მიზეზი მიეცეთ საყვარელი წიგნები ხელმეორედ გადაიკითხონ. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ეზრა მილერი, რომელიც ორივე ფილმში კრიდენს ბერბოუნის როლს ასრულებს.

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტური ახალგაზრდა მსახიობი ცნობილი არა მხოლოდ ნიჭით, არამედ წითელ ხალიჩაზე თავისი არაორდინარული იმიჯით გახდა. ეზრა საზოგადოების მიერ წარმოებულ იარლიყებს არასოდეს იკარებს. მზადაა ყველა სტანდარტი დაარღვიოს − როგორც ეკრანზე, ასევე ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბევრი კინოროლი არ მოურგია, მათ უმნიშვნელოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

არაა გასაკვირი, რომ „ჯადოსნური ცხოველების“ ეკრანიზაციაში კრიდენსის როლი სწორედ მას ერგო. პერსონაჟის, რომელიც მაგიურ შესაძლებლობებს თავის თავში ბავშვობიდან იკლავდა, ამიტომაც ობსკურის − დიდი ძალის პარაზიტის, მატარებელი გახდა. ეზრასთან ერთად, როულინგის სცენარის მიხედვით შექმნილ უკვე მეორე ფილმში ჯონი დეპი, ჯუდ ლოუ, ზოი კრავიცი და, რა თქმა უნდა, ედი რედმეინი თამაშობენ.

მსახიობი და მუსიკოსი, რომელსაც 26 წელი შეუსრულდა, 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და გამაოგნებელი სტილის მქონე ვარსკვლავია. ეზრას გარისკვა არ აშინებს. მისი სტილი თეატრალიზებული, გენდერული კლიშეების დამარღვეველი და სასაცილოა. „დიორის“ მამაკაცის სამოსის ყველაზე ბოლოს განხორციელებულ შოუზე, მილერმა აქსესუარის სახით შამპანურით სავსე ბოკალი გამოიყენა. პოზირებს ქუსლიანი ფეხსაცმლითა და მაღალწელიანი წინდებით, მონაწილეობს Playboy-ის ფოტოსესიაში... მოკლედ, ახალგაზრდა ვარსკვლავი მოდაში გენდერული როლების ერთგვარ დესტაბილიზაციას ახდენს.

პირველი ფილმის ფინალში თქვენი გმირი შავ კვამლად გადაიქცევა, მეორეში კი ადამიანის ფორმას კვლავ იბრუნებს. ასე არაა?

ჩვენი სპეცეფექტები საუკეთესოდ მიიჩნევა! იცით, კრიდენსი ჯადოქარია, რომელიც როგორც ადამიანურ თვისებებს, ასევე როულინგის შემოქმედებაში არსებულ ყველა მაგიას ფლობს. ახალ ფილმში მთავარი განსხვავება ისაა, რომ ჩემი გმირი ცხოვრებაში პირველად, სხვა ადამიანისგან მხარდაჭერას გრძნობს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაა, რაც მის თავს ხდება.

ერთ-ერთი ადამიანური თანდაყოლილი თვისება, რომელსაც თქვენი პერსონაჟი ფლობს, გაბრაზებაა. თავად რა დამოკიდებულება გაქვთ რისხვასთან?

იმისათვის, რომ გულისწყრომას გავუმკლავდეთ, ის, როგორც ნიჭი, ისე უნდა მივიღოთ. ამ თემასთან დაკავშირებით, ტიტ ნატ ჰანის გამონათქვამი მახსენდება: „რისხვა კარტოფილს ჰგავს, რომელსაც თუ უმად შევჭამთ, მომწამლავი შეიძლება აღმოჩნდეს. სულ სხვა საქმეა, თუ მას მოვხარშავთ ისე, როგორც საჭიროა და პიურედ ვაქცევთ“. მაშინ შესაძლოა ვინმეს გავუმასპინძლდეთ, დავაპუროთ სხვები და საკუთარი თავიც. ამიტომაც, გულისწყრომას სარგებლის მოტანაც შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, იგი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბოღმა ძალიან იშვიათად მამოძრავებს და ვცდილობ იმ მომენტამდე შევიკავო, სანამ გადამივლის და ბედნიერებას მომანიჭებს.

კრიდენსის რისხვას ოსტატურად იყენებს გრინ-დე-ვალდი − ჯონი დეპის პერსონაჟი. მოგვიყევით, როგორი ურთიერთობა გქონდათ გადასაღებ მოედანზე?

დიახ, მსმენია მასზე. უცნაური ტიპია, ასე არაა? ერთობლივი მუშაობა, რა თქმა უნდა, დაუვიწყარი გამოცდილება იყო. ზოგადად, ამ ფილმის გადაღებები ბეტონზე გაკეთებულ აზიდვებს ჰგავს, როცა მიწას მუშტებით ეყრდნობი. ჯონიმ ყველაფერი იდეალურად შეასრულა. ის იმდენად შევიდა როლში, რომ როცა პირველად დავინახე, საერთოდ ვერ ვიცანი.

კოსტიუმსა და გრიმში იყო?

დიახ კოსტიუმში, მაგრამ, რაც მთავარია, ხასიათი ჰქონდა მორგებული. საუბარი წამოვიწყეთ და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ჯონი დეპს ვესაუბრებოდი, როცა სახელით მიმართეს. ბედნიერი ვარ, რომ გადასაღებ მოედანზე დაწყებული ჩვენი ურთიერთობა კომფორტული და ნაყოფიერი აღმოჩნდა.

ფილმის მეორე ნაწილში მოქმედებები არა აშშ-ში, არამედ ევროპაში ხდება. კერძოდ კი პარიზში, გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს. სად მიმდინარეობდა გადაღებები?

მთელი პარიზი, რომელსაც სურათში ხედავთ, ინგლისის კინოსტუდიაშია შექმნილი. მის აგებაზე ათასამდე ადამიანმა იზრუნა. ეს დეკორაციები წარმოსახვას აღვიძებს და იმის დასტურია, რომ ჯადოქრები ნამდვილად არსებობენ.

თქვენთვის, როგორც „ჰარი პოტერის“ საგას ფანისთვის, ალბათ, რთულია წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არც ერთი ტომი არ აქვთ წაკითხული და არც ფილმები აქვთ ნანახი. როგორ ფიქრობთ, დააინტერესებთ მათ ეს ფილმი?

ვფიქრობ, ფანებს, ისევე, როგორც რიგით ადამიანებს, რომლებსაც „ჯადოსნური ცხოველების“ სამყაროზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვთ, ფილმი აუცილებლად დააინტერესებთ. ასეთ შოუს კინოში იშვიათად იხილავთ. ამასთან, ჩვენი ფილმის ნახვის წინ, „ჰარი პოტერის“ სხვა ფილმების ნახვა ხელს არ შეგიშლით, პირიქით. დეტალების გასაგებად, დარწმუნებული ვარ, რომ მათი უმრავლესობა „ჯადოსნურ ცხოველებს“ კიდევ ერთხელ იხილავს. საუკეთესო შემთხვევაში კი, ყველა წიგნს გადაიკითხავს.

თქვენ ყოველთვის განსხვავებული იყავით და არ ჰგავდით სხვებს. საინტერესოა, ხშირად ცდილობდნენ თქვენს შეცვლას?

დიახ, ადამიანის ტვინი ასეა მოწყობილი: საქმე რომ გაგიადვილონ, ცდილობენ იარლიყები მოგაკრან. ეს არასწორია და ამ ქმედებას ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ. ჩვენ ტვინის ვარჯიში და შაბლონებზე უარის თქმა გვჭირდება. ჩემი აზრით, ხელოვნების მთელი ამბავი იმ მხატვრების ისტორიაა, რომლებიც რაღაც ახლის შემქმნელები პირველად გახდნენ. ჩვენ რატომღაც გვსურს დავინახოთ იარლიყი იქამდე, სანამ თავად ადამიანს ან მის შემოქმედებას დავინახავთ. ეს სურვილი სიკვდილის ხის თესლს ჰგავს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოს ყველა ნაწილში იზრდება.

ხელოვნება − ერთადერთი რამაა, რაც მაქვს. ხელოვნება რომ არ არსებობდეს, დიდი ხნის გარდაცვლილი ვიქნებოდი.

ხშირად ვფიქრობ − სიკვდილზე.

ვამჯობინებ − ვიყო სუსტი და გულგატეხილი, ვიდრე ვიცხოვრო პირობებში, როცა ვიღაც მუდამ ცდილობს გამომასწოროს.

სიმღერა დავიწყე − მუსიკის მასწავლებლის მეშვეობით საბავშვო ბაღში (მილერს ბავშვობაში მეტყველების დეფექტი ჰქონდა და სიმღერის მეშვეობით ცდილობდა გამოსწორებას) მან ჯადოქრობა ჩაიდინა: მაგიამ ჩემში იდუმალი არტისტი გააღვიძა.

ხანდახან − ხდება ისე, რომ დიდი ხანი არ ვარ დაკავებული სექსით, რადგანაც მისი არარსებობა ისევე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც მისი არსებობა. კრიდენს ბერბოუნის პერსონაჟზე მუშაობის დროს, დიდი ხანი ვიყავი მარტო − ყველანაირი ფიზიკური კონტაქტის გარეშე.

ჰოლივუდი − ადგილია, სადაც რასიზმი, სექსიზმი და სექსუალური ძალადობის გამართლება ბუდობს.

ძალადობა − ახალგაზრდობაში უკვე გამოვცადე. ახლო მეგობარი მყავდა, რომელთანაც სექსუალური ურთიერთობა მაკავშირებდა და ის სასტიკად მომექცა. ამიტომაც ისტორია ფილმში „მარტოსულობის უპირატესობანი“ ჩემთვის ნაცნობია (ამ სურათში ეზრა მოსწავლეს განასახიერებს, რომელსაც უფროსკლასელი საჯაროდ ამცირებს და სცემს).

ირონიულია − რომ ინტერვიუს დროს მოულოდნელად ისეთ რამეებს მოყვები, რაზეც არასოდეს არავისთან გისაუბრია.

ავტორი: ანი მესხიშვილი

წყარო

გმირი, სჭირდება, ახლა, ეზრა მილერი, მსოფლიო
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...