სტატიები - კინოინდუსტრია

ხუთი ფილმი, რომლებიც სულს აგიფორიაქებთ

06.11.2019 სტატიები 28 0 0.0
Загрузка...

თუ ცოტა ხნით ბლოკბასტერებს მოსწყდებით და სერიოზული ფილმის საყურებლად განეწყობით, ეს ფილმები ღრმა შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

1. „დილდა“
BEANPOLE, 2019

ქვეყანა: რუსეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: კენტამირ ბალატოვი
მსახიობები: ვიქტორია მიროშნიჩენკო, ვასილისა პერელიგინა

მნიშვნელოვანი და ძლიერი ფილმი ომზე, უფრო სწორად, ომის შემდგომ პერიოდზე. ია და მაშა ფრონტიდან ლენინგრადში ბრუნდებიან და ცდილობენ, ისევ ჩვეულებრივი ქალებივით იცხოვრონ. მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან ნანგრევები არა მარტო გარშემოა, არამედ მათ სულებშიც. ფილმის გმირები დიდი ტანჯვით ცდილობენ, როგორმე ის ნორმალური ცხოვრება დაიბრუნონ, რომელიც მათ ომმა წაართვა. მაგრამ ტრავმირებულ ქალაქს მათთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლია.

2. „მერვე კლასი“
Eighth Grade, 2018

ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ბო ბიორნემი
მსახიობები: ელსი ფიშერი, ჯოშ ჰემილტონი, ემილი რობინსონი

კაილა დეი მერვე კლასში სწავლობს, ძალიან მორცხვია და თანაკლასელებთან საერთო ენის გამონახვა უჭირს. მას საკუთარი არხი აქვს „იუთუბიზე“, სადაც ვიდეოებს აქვეყნებს ნდობაზე, თვითშეფასებაზე და საერთოდ, ცხოვრებისეულ სირთულეებზე. ერთდროულად სასაცილოცაა და სევდიანიც, როგორ აძლევს არარსებულ ხელმომწერებს გოგონა ისეთ რჩევებს, რის გაკეთებაც თავად არ ძალუძს. ის მოუთმენლად ელის უფროს კლასებში გადასვლას, სადაც ეს ყველაფერი დასრულდება და ყველაფერი სხვაგვარად იქნება, მაგრამ გასაგებია, რომ ეს არ მოხდება, თუკი კაილა უარს არ იტყვის, იყოს ისეთი, როგორიც ყველაა.

3. „კაპერნაუმი“
Capharnaüm, 2018

ქვეყანა: ლიბანი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ნადინ ლაბაკი
მსახიობები: ზეინ ალ რაფეა, იორდანის შიფეროუ

12 წლის ზეინი სასამართლოში უჩივის საკუთარ მშობლებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაზე მოავლინეს. ეს არის ცხოვრება ნაადრევად დაკაცებული ბიჭისა, რომელიც იძულებულია მძიმე სამუშაოები შეასრულოს, იშიმშილოს, იმათხოვროს, საშინელ პირობებში ბარაკებში იცხოვროს; ეს არის ცხოვრება ჭკვიანი ბიჭისა, რომელმაც იცის, რომ უნდა ისწავლოს, მაგრამ ამის მაგივრად იძულებულია, იმუშაოს, რათა ლუკმაპური და ღამის გასათევი ჰქონდეს; ეს არის ცხოვრება ძმისა, რომლის 11 წლის დასაც ზრდასრულ მამაკაცზე ათხოვებენ ფულის გულისთვის, უფრო სწორად ყიდიან; ეს არის ტკივილი ადამიანისა, რომელიც უძლურია, ბედისწერას სადმე დაემალოს.

4. „ტკივილი და დიდება“
Dolor y gloria, 2019

ქვეყანა: ესპანეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი
მსახიობები: ანტონიო ბანდერასი, პენელოპა კრუზი, ესიე ეტქსეანდია

ცნობილმა ესპანელმა რეჟისორმა პედრო ალმოდოვარმა დაწერა სცენარი და გადასაღებად მიიწვია თავისი საყვარელი მსახიობები - ანტონიო ბანდერასი და პენელოპა კრუზი, რათა გადაეღო კინო ნიჭიერ რეჟისორზე, რომელსაც კარიერის მიწურულს შემოქმედებითი კრიზისი აქვს და ბევრს ფიქრობს განვლილ ცხოვრებაზე, დედასთან ურთიერთობაზე, ახალგაზრდობაზე, ვნებებსა და ხელოვნებაზე - ეს არის ძალიან გახსნილი, ბევრისმთქმელი და საკმაოდ სასტიკი ფილმი საკუთარი თავის მიმართ.

5. „გქონდეთ პიტის იმედი“
Lean on Pete, 2017

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ენდრიუ ჰეი
მსახიობები: ჩარლი პლამერი, ტრევის ფიმელი, ქლოია სევინი

მამის გარდაცვალების შემდეგ მოზარდი ჩარლი თავის დამქირავებელს ცხენს მოჰპარავს, რომელიც სასაკლაოზე უნდა გაეგზავნათ, და მასთან ერთად ვაიომინგში მიემგზავრება დეიდას მოსაძებნად. ჩარლი თავს ისჯის იმისთვის, რომ ვერ შეძლო მამის გადარჩენა.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

სული, ხუთი, ფილმი, აფორიაქეა
სულ კომენტარი: 0
avatar